Skip to content Skip to footer

წვიმა თუ ინფრასტრუქტურული კრიზისი? – წვიმის ტესტი ქართულ ინფრასტრუქტურაზე

საქართველოში რამდენიმე წუთიანი ძლიერი წვიმაც კი საკმარისია, რომ თქვენს სახლთან, ეზოში, ქუჩაში თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას გუბეები და წყალი დადგეს. უფრო მეტიც, პრობლემა იქაც ჩნდება, სადაც საგანგებო სიტუაციის დროს ადამიანები უსაფრთხოებისთვის უნდა აფარებდნენ თავს.
მოგიყვებით ახლა ქრონოლოგიურად.
4 ოქტომბერს, სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ძლიერი წვიმა ისევ პრობლემად იქცა. სოფელ ონოღიაში პატარა მდინარე „ლაღვანა“ კალაპოტიდან გადმოვიდა და გზის სავალი ნაწილი დატბორა. სანიაღვრე სისტემის ამორტიზების გამო, იგივე მოხდა ხუნწში. ადგილობრივები ამბობენ, რომ დარჯანიების უბანში ფეხით გადაადგილებაც კი უჭირთ და დახმარებას ითხოვენ. მარტვილის მერი შეწუხებულ მოსახლეობას აიმედებს, რომ პრობლემურ სოფლებში არხების გაჭრის სამუშაოების დაპროექტება მიმდინარეობს. ანუ ეს ნიშნავს, რომ გუბეებში ჯერ მოგიწევთ სიარული, საკიტხი პროექტირების ეტაპზეაო. ოღონდ, როდემდე ამასაც არავინ უკონკრეტებს ხალხს.

და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს მხოლოდ რეგიონების პრობლემაა, სადაც თითქოს მიგვაჩვიეს და შეგვაგუეს, რომ წლების განმავლობაში მოუვლელი სანიაღვრე სისტემებია და ყველაფერს ერთბაშად ვერ უმკლავდებიან, გადავინაცვლოთ თბილისში, სიცოცხლით სავსე, მშენებარე და ეკონომიკურად მზარდ დედაქალაქში, სადაც, როცა გარეთ წვიმს, ახლადრეაბილიტირებულ მეტროსადგურებშიც დაგჭირდებათ ქოლგა. ავლაბრის მეტროს ზედა ვესტიბიულის რეაბილიტაციაზე 4.2 მილიონი ლარი დავხარჯეთ, თუმცა, ცოტა ხნის წინ, 5 თვის წინ, მაისში ძლიერი წვიმისას წყალი სადგურის შიდა სივრცეში ჩავიდა. მიზეზი სახურავის სანიაღვრე სისტემის დაზიანება იყო. დღეს იგივე სურათი ვარკეთილშიც გამოჩნდა: ახლადრეაბილიტირებულ მეტროში ისევ წყალი ჩამოდის. ეს ცალსახად იმას გვეუბნება რა კარგად გვეხერხება რეაბილიტაცია და რამდენად გონივრულად ვხარჯავთ ფულს.

ახლა ტურისტული მიმზიდველობით და ეკონომიკური დატვირთვით, მეორე ქალაქშიმ, ბათუმში, გადავინაცვლოთ. აქ პრობლემა კიდევ უფრო შთამბეჭდავ ფორმას იღებს.
ქალაქში ადამიანები უკვე ხუმრობენ სანიაღვრე ჭებზე, რომლებიც ზოგან გზის საფართან შედარებით ისე მაღლაა მოწყობილი, რომ წყალი ჯერ ქუჩაზე საკმაო სიმაღლემდე უნდა დაგროვდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაგვდებს პატივს, კანალიზაციაში ჩასვიდეს. ოღონდ მანამდე გუბრურებსა და ტბორებში სიარული მოგიწევთ. ხუმრობდნენ: „კარგად უნდა იწვიმოს და მერე გავა წყალიო“. იწვიმა.
29 სექტემბერს ბათუმში რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა. ბათუმის წყლის ცხელ ხაზზე დატბორვასთან დაკავშირებით დაახლოებით 30 ზარი შევიდა. მახინჯაურში ფერდიც ჩამოიშალა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში კი წყლით დაფარული ქუჩები და წყალში მოძრავი ავტომობილები ჩანდა.

მაგრამ ხდება ისეც, რომ ზოგჯერ წვიმასაც ვერ დავაბრალებთ ყველაფერს. 1 ოქტომბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ტყაია ისე დაიტბორა, რომ წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებში, განადგურდა სავარგულებისა და სახნავ-სათესი მიწების ნაწილი, თხილის პლანტაციები წყალში ჩაეფლო. მიზეზად ენგურჰესიდან წყლის გაშვება დასახელდა. ადგილზე პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებიც იყვნენ მობილიზებული. ენგურჰესის დირექტორის განმარტება განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა: „ენგურიდან წყალი ყოველთვის იღვრება, არაფერი საგანგაშო არ არის“. მაშინ, როცა სოფელში წყალი უკვე სახლებში იყო შესული. არადა ამით ხალხი დაზარალდა. არარაფერს ვამბობ იმ შიშზე, რაც ამ დროს ადამიანებს ემართებათ.

და ბოლოს, ქართლი, სადაც ინფრასტრუქტურული კრეატიულობა კიდევ სხვა დონეზე ავიდა.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენში ახალი სანიაღვრე არხი პირდაპირ გზაჯვარედინზე მოაწყვეს. ადგილობრივების თქმით, გზა ფაქტობრივად შუაზეა გადაჭრილი და ღამით მძღოლისთვის არხის დროულად შემჩნევა რთულია. მოსახლეობა ამბობს, რომ საფრთხე ემუქრებათ ბავშვებსაც, რომლებიც ზედა ქუჩიდან ველოსიპედით ჩამოდიან. ადგილობრივებმა პრობლემის შესახებ სოფლის წარმომადგენელს მიმართეს. აი პასუხი სოფლის წარმომადგენლის არის ეპოქალური: „ფრთხილად იარეთ და არაფერი მოგივათო.“

ალბათ სწორედ ეს არის ქართული ინფრასტრუქტურის ახალი უსაფრთხოების სტანდარტიც: თუ არხი შუა გზაზეა, ფრთხილად უნდა იაროთ; თუ მეტროში წვიმს, გვერდზე გაიწიეთ და ქოლგა გაშალეთ, თუ გვერდით მდგომსაც შეიფარებთ მთალად უკეთესი. თუ ქუჩა დაიტბორა, დაელოდე წყლის დონე სანიაღვრე ჭამდე ავიდეს; თუ მდინარე ეზოში შემოვიდა, ელექტროენერგია გამორთე და ზედა სართულზე გადადი.

და ყველაზე მნიშვნელოვანი: ეს ყველაფერი ერთი კვირის განმავლობაში გახმაურებული, თანაც არასრული ამბებია.
მარტვილი, თბილისი, ბათუმი, ტყაია, თამარაშენი. თანაც ეს მხოლოდ ის ამბებია, რაც სოციალურ ქსელში მოხვდა და დაიდო, გახმაურდა. და რაც არ გახმაურდა?

ვინ იცის, რამდენ სოფელში გადავიდა წყალი გზაზე ისე, რომ ვიდეო არავის გადაუღია? რამდენი ეზო და ნარგავ-ნათესი დაიტბორა? რამდენი არხია გაჭედილი, რამდენი სანიაღვრეა არასწორად მოწყობილი და რამდენ ადამიანს დააჯერეს, რომ უბრალოდ უნდა იფრთხილოს.

წვიმა ბუნებრივი მოვლენაა.
წყალში ჩაძირული ქუჩა, გზაჯვარედინზე გათხრილი საფრთხე და ახლად რეაბილიტირებულ შენობაში ჩამოსული წყალი კი უბრალოდ ამინდის პროგნოზი ნუ გეგონებათ, ეს მმართველობის პროგნოზია, უფრო სწორად უფრო დიაგნოზი.