Skip to content Skip to footer

მილიარდები გზებისთვის, უგზოობა ხალხისთვის – „ოცნების“ ინფრასტრუქტურული ხარისხი და მძიმე რეალობა გზებზე

რთულია იცხოვრო ქვეყანაში, სადაც ჯერ უფულობის გამო იკავებ თავს გარეთ გასვლისგან, ხოლო თუ როგორღაც შეძელი და სახლიდან გამოხვედი, დარწმუნებული მაინც ვერ ხარ, რომ დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ მიაღწევ. არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობ, დედაქალაქის შუაგულში თუ შორეულ რეგიონში. ქეჩებში უსაფრთხო გადაადგილება ბევრგან კვლავ გამოწვევაა.

არადა, მხოლოდ 2025 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით თავდაპირველად მილიარდ 592 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. 2026 წელს ამ მიმართულებით დაახლოებით მილიარდ 200 მილიონი ლარია გამოყოფილი, ხოლო 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით კიდევ მილიარდ 332 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

მილიარდები გზების მშენებლობისთვის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვისთვის. თანხები შთამბეჭდავია. ხარჯვით თუ ვიმსჯელებთ, ქვეყანაში გზების მდგომარეობაზე მოსახლეობას საწუწუნო თითქმის არაფერი უნდა ჰქონდეს.

მაგრამ რეალობა ბევრგან სრულიად განსხვავებულია.

გზების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ლარი გამოიყოფა, თუმცა მოსახლეობის ნაწილს გადაადგილების უსაფრთხოების პრობლემები კვლავ მოუგვარებელი აქვს.

2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მიხედვით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროგრამის ფარგლებში:

  • რეაბილიტირებულია 69.6 კილომეტრი გზა;
  • პერიოდული შეკეთება ჩაუტარდა 73.1 კილომეტრს;
  • რეაბილიტირებულია 23 სახიდე გადასასვლელი.

ძნელად მოიძებნება მუნიციპალიტეტი, სადაც მოსახლეობას გზის პრობლემა არ აწუხებს. გამონაკლისი არც ზუგდიდის მუნიციპალიტეტია, სადაც რამდენიმე სოფლის მცხოვრებლები გზის რეაბილიტაციას წლებია უშედეგოდ ითხოვენ.

დაზიანებული გზების გამო გართულებულია გადაუდებელი დახმარების სერვისებით სარგებლობა. სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ავტომობილებს სოფლებამდე მისვლა უჭირთ, ბავშვები კი ზოგჯერ სკოლაში წასვლასაც ვერ ახერხებენ.

მოსახლეობამ გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით საპროტესტო აქციებიც გამართა, თუმცა, მათი თქმით, პრობლემით დაინტერესებისა და მათთან გასაუბრებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე არ მისულან.

მსგავსი პრობლემებია დუშეთის მუნიციპალიტეტშიც. „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის შემდეგ, 21-ე საუკუნეში, მოსახლეობას ჯერ კიდევ უსაფრთხო გადაადგილებაზე უწევს ოცნება. მაშინ, როცა გზების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე სახელმწიფო ყოველწლიურად მილიარდობით ლარს გამოყოფს, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის გამართული და უსაფრთხო გზა დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

უგზოობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება იმერეთშიც. ადგილობრივი მედიის, „ინფო იმერეთის“ მიერ სოციალურ ქსელში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლები გზების მოუწესრიგებლობაზე ჩივიან. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოღაში, სადაც გზის საფარის მოსაწესრიგებლად მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა. ადგილობრივების თქმით, პრობლემის მოგვარებას წლებია ჰპირდებიან, თუმცა უშედეგოდ. გამოკითხვის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ სოფელში ახალი გზის დაგების ნაცვლად, ძველი გზის შეკეთებასაც ვერ ახერხებენ.

უკეთესი მდგომარეობა არც ქვეყნის ტურისტულ ზონებშია. ხელისუფლება ტურიზმის განვითარებასა და საქართველოს ოთხსეზონიან ტურისტულ ქვეყნად ჩამოყალიბებაზე მუდმივად საუბრობს. მაღალჩინოსნები გუდაურს, ბაკურიანსა და ყაზბეგს წარმატებული ტურისტული პოლიტიკის მაგალითად ასახელებენ. თუმცა, ტურისტებს, რომლებიც საქართველოს მთის კურორტების მოსანახულებლად ჩამოდიან, ზოგიერთ მონაკვეთზე ასეთი საგზაო ინფრასტრუქტურა ხვდებათ.

როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ წარმოდგენაში წარმატებული ტურიზმი დაზიანებულ გზებთანაც თავსებადია. თუმცა, ჩნდება კითხვა: როგორ უნდა იქცეს ქვეყანა ოთხივე სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად, როცა სტუმრების უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელი საგზაო ინფრასტრუქტურაც კი სათანადოდ მოწესრიგებული არ არის?

ისიც ხომ გახსოვთ, რომ ტურიზმის განვითარებასთან ერთად, ხელისუფლებას მთაზე ზრუნვა, მთიანი რეგიონების გაძლიერება და მოსახლეობის ადგილზე დამაგრებაც სახელმწიფო პრიორიტეტებად აქვს გამოცხადებული.

თუმცა, ამ დეკლარირებული პოლიტიკის შედეგები განსაკუთრებით თვალსაჩინოა ხევსურეთში, რომელიც თავისი ისტორიული, კულტურული და ტურისტული მნიშვნელობით სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს.

რეალობა კი ასეთია: გაუმართავი გზები, კომუნიკაციის პრობლემები, გარესამყაროსგან პერიოდულად მოწყვეტილი სოფლები და მოსახლეობისგან თანდათან დაცლილი დასახლებები.

როგორ უნდა დარჩეს ადამიანი მთაში, როცა უსაფრთხო გადაადგილებისა და ელემენტარული ინფრასტრუქტურის პირობებიც კი არ აქვს? და როგორ უნდა განვითარდეს ტურიზმი იქ, სადაც მისასვლელი გზაც პრობლემაა?

ამ ფონზე განსაკუთრებით პარადოქსულია შემთხვევები, როცა მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას წლების განმავლობაში ელოდება, ახლადდაგებული ასფალტი კი რამდენიმე დღეში ზიანდება, იბზარება, იშლება ან მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართაობის გამო თავიდან გადასათხრელი ხდება.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა თელავში, სულხანიშვილის ქუჩაზე დაფიქსირდა. მოსახლეობა გზის მოწესრიგებას წლები ელოდა, თუმცა, როგორც კი ასფალტი დაიგო, სულ რაღაც ერთ კვირაში კანალიზაციამ ამოხეთქა და ახლადრეაბილიტირებული ქუჩა ისევ პრობლემად იქცა.

ასე იყრება სახელმწიფო ბიუჯეტის ფული წყალში. უფრო სწორად, ამ შემთხვევაში პირდაპირ კანალიზაციაში.

მოსახლეობა ჯერ გზის დაგებას ელოდება, შემდეგ კი უკვე დაგებული გზის ხელახლა შეკეთებას. ჩნდება კითხვა: როგორ იგეგმება და კონტროლდება საგზაო სამუშაოები, თუ ახლადდაგებული ინფრასტრუქტურა ექსპლუატაციაში შესვლიდან რამდენიმე დღეშივე ზიანდება?

არის ადგილებიც, სადაც გზის რეაბილიტაციის საკითხი მოსახლეობაზე ზეწოლისა და საზოგადოებრივი აქტიურობის შეზღუდვის შესაძლო იარაღად იქცევა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა სვანეთში, სოფელ ფარში, სადაც მასწავლებელი ეკა წულუკიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიციის გამო დასაჯეს.

მისი თქმით, განსხვავებული აზრის გამოხატვას სოფლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პრობლემების უგულებელყოფა მოჰყვა. შედეგად კი, უგზოობის გამო, ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურ ცხოვრებაში სერიოზული სირთულეები ექმნება.

ცალკე განსახილველია დაწყებული და წლობით გაწელილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები. ასეთი არაერთია, თუმცა ყველაზე „მოჯადოებული“ სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მონაკვეთი აღმოჩნდა, სადაც მდინარე რიონზე მშენებარე ხიდი 2023 წელს ჩაინგრა. გაგიკვირდებათ და, დაახლოებით 800-მეტრიან ხიდს სახელმწიფო უკვე მეთორმეტე წელია აშენებს.

მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და თავდაპირველად 30 თვეში უნდა დასრულებულიყო. მას შემდეგ შეიცვალა რამდენიმე კონტრაქტორი, შეწყდა ხელშეკრულებები, გაიმართა სასამართლო დავები, ხოლო 2023 წელს ხიდის მერვე ბურჯი ჩამოიშალა. ექსპერტიზამ მიზეზად უხარისხოდ და პროექტთან შეუსაბამოდ შესრულებული სამუშაოები დაასახელა. შედეგად, მხოლოდ დაზიანებული კონსტრუქციის დემონტაჟი 14 მილიონი ლარი დაჯდა, ხიდის აღდგენა კი დაახლოებით 75 მილიონი ლარი ჯდება. ხიდი, რომელიც 2016-2017 წლებში უნდა გვქონოდა, დღემდე დაუსრულებელია. მისი გახსნა ახლა უკვე 2028 წლამდეა გადავადებული. გამოდის, მეთორმეტე წელია ვაშენებთ იმას, რაც თავდაპირველად ორ წელიწად-ნახევარში უნდა აგვეშენებინა. და დღემდე უცნობია, საბოლოოდ რა დაუჯდება ეს მრავალწლიანი მშენებლობა გადასახადის გადამხდელებს.

არ გაინტერესებთ, როგორ ხსნის „ქართული ოცნება“ წლობით გაწელილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიზეზებს? აი, ისე, ყურსა და გულს რომ ესიამოვნება, ოღონდ მხოლოდ მანამდე, სანამ ნანახს გააანალიზებთ, ანუ საქმეში თვალი და ტვინი არ ჩაერთვება.

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ამბობს, რომ გზებს სწრაფად კი არა, ხარისხიანად აშენებენ. უხარისხო გზებს ჩვენს მოსახლეობას ვერ ვაკადრებთო.

ვერაფერს იტყვი, ერთი შეხედვით, პასუხისმგებლიანი და ხალხზე მზრუნველი ხელისუფლების წარმომადგენლის სიტყვებია. მაგრამ საკმარისია, რეალობას თვალი გაუსწორო, რომ სრულიად ლოგიკური კითხვა გაგიჩნდეს: თუ ეს ხარისხიანი მშენებლობაა, მაშინ როგორ გამოიყურება უხარისხო? ეჭვი მეპარება, ამაზე “ოცნებიდან” ვინმემ გულწრფელად გვიპასუხოს, ამიტომ მე გეტყვით, ამის მაგალითები შორს და რთულად საძებნელი არ არის.

2026 წლის მაისში ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე, სკვერის ნაწილი ჩამოიშალა და ნანგრევებში ბავშვი ჩავარდა. არასრულწლოვანი ადიდებული მდინარე ჩხერიმელას ნაპირიდან ადგილობრივებმა გადაარჩინეს. სკვერი 2025 წელს მოეწყო. მის მშენებლობაზე 145 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, ხოლო მიმდებარე დამცავი ჯებირისა და საყრდენი კედლის მოწყობა 649 ათასი ლარი დაჯდა. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩენს კითხვას: რამდენად უსაფრთხოა ინფრასტრუქტურა, რომელსაც სახელმწიფო აშენებს და მოქალაქეებს სარგებლობაში გადასცემს?

2025 წლის სექტემბერში, თბილისში, კახა კალაძემ ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის რეაბილიტირებული ქუჩები გახსნა. პროექტი 24 მილიონი ლარი დაჯდა. თუმცა, გახსნიდან სულ ორ დღეში, უხვი ნალექის შედეგად, საკანალიზაციო ქსელი და გზის საფარი დაზიანდა.

კიდევ უფრო საინტერესოა სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის ისტორია.ცხიდს, რომლის მშენებლობაც 2014 წელს დაიწყო, დღემდე ვერ ასრულებენ. 2023 წელს მშენებლობის პროცესში მისი მერვე ბურჯი და ორი მალი ჩაინგრა. ამავე ავტომაგისტრალის მესამე მონაკვეთი კი 2026 წლის ივლისში გაიხსნა. მისი მშენებლობა 324 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. თუმცა, გახსნიდან დაახლოებით ორ თვეში გზის საფარზე დეფორმაციები გამოვლინდა და მოძრაობა რამდენიმე დღით შეზღუდეს. ახლადაშენებული გზის შეკეთება თავიდან გახდა საჭირო.

სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალზე პრობლემები მხოლოდ ვადების გადაცილებით არ შემოიფარგლება. 2023 წლის 21 თებერვალს სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე მდინარე რიონზე გადებული, ჯერ კიდევ გაუხსნელი ხიდის ბურჯი დაზიანდა და ორი მალი ჩაინგრა. შემთხვევის დროს ხიდზე სატვირთო ავტომობილი გადაადგილდებოდა. მძღოლი გადარჩა. ხელისუფლებამ თავდაპირველად მიზეზად მდინარის ადიდება დაასახელა, თუმცა მოგვიანებით ექსპერტიზამ მშენებლობისას დაშვებული ხარვეზები და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები გამოავლინა.

ასე გამოიყურება მრავალწლიანი მშენებლობის შედეგი: ხიდი, რომელიც მოქალაქეებისთვის ჯერ არც კი გაუხსნიათ, უკვე აღსადგენი გახდა.

ანუ, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის ერთ მონაკვეთზე ხიდს მეთორმეტე წელია ვერ ასრულებენ. 2023 წელს, ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში, წყალმოვარდნისას მისი ბურჯი დაზიანდა და ორი მალი ჩაინგრა. მოგვიანებით ექსპერტიზამ მშენებლობისას დაშვებული ხარვეზებიც გამოავლინა. ამავე მაგისტრალის სხვა მონაკვეთზე კი ასობით მილიონ ლარად აშენებულ გზას გახსნიდან სულ ორ თვეში უკვე არემონტებდნენ. ეს ყველაფერი იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების გაჭიანურებას სწორედ მშენებლობის ხარისხზე ზრუნვით ხსნის, თანაც, იმ ფონზე, როცა ქვეყნის არაერთ სოფელში მოსახლეობა წლებია ელემენტარული გზის დაგებას უშედეგოდ ითხოვს.

თქვენი აზრით, პრობლემა მხოლოდ არასაკმარის დაფინანსებაშია, თუ იმაშიც, როგორ იხარჯება ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფული და ვინ აგებს პასუხს შესრულებული სამუშაოების ხარისხზე?

ინფრასტრუქტურის მინისტრი ხარისხიან მშენებლობაზე საუბრობს. თუმცა, “ოცნების” 14-წლიანი მმართველობის შემდეგ, მოსახლეობის ნაწილს ჯერ კიდევ გზაზე უწევს ოცნება, სხვაგან კი უკვე აშენებული ინფრასტრუქტურის ხელახლა შეკეთებას ელოდებიან.

და მაინც, ვისთვის შენდება გზები? – მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებისთვის თუ იმისთვის, რომ ყოველწლიურად ახალი მილიარდები დაიხარჯოს? რადგან ხარისხიანი ინფრასტრუქტურა ის კი არ არის, რომლის მშენებლობაც უსასრულოდ გრძელდება, არამედ ის, რომელიც დასრულების შემდეგ წლების განმავლობაში ემსახურება ადამიანებს.

შენიშვნა რედაქციისგან: მთავარი ფოტო შინაარსის შესაბამისად დაგენერირებულია AI-ს მიერ.