Skip to content Skip to footer

DCFTA-ის შვიდწლიანი შედეგი საქართველოსთვის – ვიოლა ფონ კრამონის შეფასება

“როგორც ვხედავთ, ახლა, შვიდი წლის შემდეგ, ჯერ კიდევ არის საკმაოდ დიდი შეუსაბამობა,” – ასე აფასებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “აგრო სიახლეებთან” ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) ამოქმედების შვიდ წელს.

ევროდეპუტატი მონაწილეობდა ISET-ის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის DCTA-ს მოთხოვნებთან დაახლოების თემაზე ჩატარებულ მრგვალ მაგიდაში, რომელსაც “აგრო სიახლეებიც” დაესწრო.

ვიოლა ფონ კრამონმა ხაზი გაუსვა, რომ საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება მთავრობის მხრიდან სოფლის მეურნეობის სექტორში, მაგრამ ეს ნამდვილად არ აკმაყოფილებს სოფლის მეურნეობის სექტორის საჭიროებებს და მოთხოვნებს. ევროპარლამენტარი ამბობს, რომ ევროსტანდარტები მაინც ძალიან მაღალია ქართველი ფერმერისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებლობა ვერ გარდაიქმნება რეალურ ექსპორტში, ანუ პოტენციალი აუთვისებელი რჩება.

“DCFTA შეიქმნა იმისთვის, რომ თვენი ქვეყანა დაუახლოვდეს ევროკავშირს, რათა ქვეყანას შეეძლოს სასოფლო-სამეურნეო სურსათის, მაგრამ ასევე სხვა საქონლის ექსპორტის განხორციელება, ხოლო ფერმერებმა და სოფლის მეურნეობის ბაზარმა, სოფლის მეურნეობის სექტორმა ამით მაქსიმალურად ისარგებლოს. [….]ვხედავთ, რომ ექსპორტი ევროკავშირში მცირდება, მაშინ როდესაც ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი, ყაზახეთი და სხვა, გაიზარდა და ეს, რა თქმა უნდა, ცოტა სამწუხაროა, რადგან ჩვენ გვაქვს ევროპის შიდა ბაზარზე ექსპორტის პოტენციალი, რომელიც არ გამოიყენება. ისმის კითხვა: ჩვენი ინსტრუმენტები არ მუშაობს? რა აკლია? რატომ არის შეუსაბამობა? მიზეზი ადამიანურ შესაძლებლობებში, სააგენტოებსა თუ მთავრობებში უნდა ვეძებოთ? სხვა ფაქტორებთან ხომ არ გვაქვს საქმე? ვფიქრობ, რომ ეს დისკუსია შესანიშნავად ემსახურება ამ საკითხის შესწავლას. კარგი დასაწყისია ყველა დაინტერესებული მხარისთვის დისკუსიის შემდეგი რაუნდისთვის, რათა ცოტა ღრმად გააანალიზონ, რატომ იხარჯება სოფლის მეურნეობის სექტორში ამდენი ფული და ფერმერები კი რატომ არ მიიჩნევენ, რომ მზად არიან ევროპულ ბაზარზე ექსპორტისთვის,” – განუმარტა ვიოლა ფონ კრამონმა “აგრო სიახლეებს”.

სტანდარტის დაკმაყოფილება ფერმერისთვის არის კომფორტის ზონიდან გამოსვლა, მოითხოვს დიდ ცოდნას და დიდი ინვესტიციას. ესაა ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ჯერ კიდევ ქართველ ფერმერთა უმეტესობა ევროპულ ბაზრებზე ვერ გადის, – ასეთია ფერმერთა ასოციაციის შეფასება. ასოციაციის თავმჯდომარის რატი კოჭლამაზიშვილის მტკიცებით, ნებისმიერ შემთხვევაში, სტანდარტების დაკმაყოფილება აუცილებელია, რითაც ადგილობრივ ბაზარსაც ხარისხიანი ნაწარმით მოვამარაგებთ და არც ექსპორტი გაგვიჭირდება. მისივე განმარტებით, მთავარი პრობლემა, რასაც დღეს ქართველი ფერმერი ევროპაში აგროექსპორტისას აწყდება, არის მცირე მასშტაბის წარმოება.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ასევე ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმაც, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ საქართველო DCFTA-ის პოტენციალს ვერ იყენებს მაშინ, როცა საქართველოდან დსთ-ს ქვეყნებში, რუსეთში, ყაზახეთში და ა.შ. აგროექსპორტის მაჩვენებლები მზარდია.

კვლევამ აჩვენა, რომ სოფლის მეურნეობის მიერ წარმოებული მშპ ნამდვილად გაზრდილია, თუმცა მხოლოდ პირველადი წარმოების ზრდის ხარჯზე და პრობლემა რჩება გასაღების ნაწილში.

ISET-ის წამყვანი ეკონომისტი, სალომე გელაშვილი, ასევე განმარტავს, რა ხარვეზებია სახელმწიფო მხარდამჭერ პროგრამებში, რაც ფერმერებისთვის DCFTA-ის შესაძლებლობებს ჯერ კიდევ აუთვისებლად ტოვებს.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომელიც უნდა გათვალისწინონ სახელმწიფო აგროპროექტების შედგენისას ასეთია: ირიგაციის პრობლემის დაძლევა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების წყალუზრუნველყოფა, ასევე, მცირემიწიანობის, ანუ მიწების ფრაგმენტაციის საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა და, რაც მთავარია, განათლების დეფიციტის შევსება ფერმერებში სხვადასხვა ტრენინგებითა და სამეწარმეო უნარების სწავლების გზით.

შეგახსენებთ, დღეს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა დისკუსიას „რა გავლენა აქვს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს საქართველოს აგრო-ექსპორტზე ევროკავშირში?“ დისკუსიას “აგროგარემო Tv-იც” დაესწრო. შეხვედრაზე გასაჯაროვდა შედეგები კვლევის, რომელმაც DCFTA-ის 7 წლის თავზე შეაფასა სახელმწიფო დაფინანსების ეფექტიანობა ევროკავშირის ბაზარზე აგრო ექსპორტის ხელშეწყობაში.

კვლევის დეტალებს გაეცანით აქ ?

Leave a comment