Skip to content Skip to footer

DCFTA-ი ხარისხიანი პროდუქტებით შიდაბაზრის მომარაგებასაც გაზრდის – კოჭლამაზიშვილი

“კარგია მაღალი სტანდარტის ქართული ნაწარმის ექსპორტზე გატანა, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ხარისხიანი ქართული ნაწარმი ადგილზეც იქნას მოხმარებული. ის შესაძლებლობა, რასაც ევროკავშირი გვაძლევს, მნიშვნელოვანია წარმოების სტანდარტის ზრდისთვის,” – ეუბნება “აგრო სიახლეებს” რატი კოჭლამაზიშვილი, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.

რატი კოჭლამაზიშვილი მონაწილეობდა ISET-ის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის DCTA-ს მოთხოვნებთან დაახლოების თემაზე ჩატარებულ მრგვალ მაგიდაში, რომელსაც “აგრო სიახლეებიც” დაესწრო.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ასევე ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმაც, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ საქართველო DCFTA-ის პოტენციალს ვერ იყენებს მაშინ, როცა საქართველოდან დსთ-ს ქვეყნებში, რუსეთში, ყაზახეთში და ა.შ. აგროექსპორტის მაჩვენებლები მზარდია.

კვლევამ აჩვენა, რომ სოფლის მეურნეობის მიერ წარმოებული მშპ ნამდვილად გაზრდილია, თუმცა მხოლოდ პირველადი წარმოების ზრდის ხარჯზე და პრობლემა რჩება გასაღების ნაწილში.

ISET-ის მთავარი ეკონომისტი, სალომე გელაშვილი, ასევე განმარტავს, რა ხარვეზებია სახელმწიფო მხარდამჭერ პროგრამებში, რაც ფერმერებისთვის DCFTA-ის შესაძლებლობებს ჯერ კიდევ აუთვისებლად ტოვებს.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომელიც უნდა გათვალისწინონ სახელმწიფო აგროპროექტების შედგენისას ასეთია: ირიგაციის პრობლემის დაძლევა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების წყალუზრუნველყოფა, ასევე, მცირემიწიანობის, ანუ მიწების ფრაგმენტაციის საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა და, რაც მთავარია, განათლების დეფიციტის შევსება ფერმერებში სხვადასხვა ტრენინგებითა და სამეწარმეო უნარების სწავლების გზით.

შეგახსენებთ, დღეს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა დისკუსიას „რა გავლენა აქვს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს საქართველოს აგრო-ექსპორტზე ევროკავშირში?“ დისკუსიას “აგროგარემო Tv-იც” დაესწრო. შეხვედრაზე გასაჯაროვდა შედეგები კვლევის, რომელმაც DCFTA-ის 7 წლის თავზე შეაფასა სახელმწიფო დაფინანსების ეფექტიანობა ევროკავშირის ბაზარზე აგრო ექსპორტის ხელშეწყობაში.

კვლევის დეტალებს გაეცანით აქ  ?

Leave a comment