სოფლებში ინფრასტრუქტურას ითხოვენ, ქალაქებში კი მისგან თავდაცვა უწევთ – რა სჯობს, სახიფათო კომფორტი თუ უსაფრთხო უკომფორტობა?

21-ე საუკუნეში, საქართველოში ჯერ კიდევ არაერთი სოფელია, სადაც ადამიანებს უწყლოდ, უგაზოდ, უგზოდ და ზოგჯერ ელექტროენერგიის გარეშეც უწევთ ცხოვრება. ეს ის ელემენტარული პირობებია, რომელთა არსებობაც თანამედროვე სახელმწიფოში ადამიანის ღირსეული ცხოვრების აუცილებელი წინაპირობა უნდა იყოს.
„აგროგარემოს“ ეთერში, „აგროსიახლეებში“, მუდმივად ვსაუბრობთ ამ პრობლემებზე. ვყვებით ადამიანებზე, რომლებიც წლებია გზას, წყალს, გაზსა და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელ ინფრასტრუქტურას ითხოვენ. ვცდილობთ, მათი ხმა შესაბამის უწყებებამდე მივიტანოთ და მოქალაქეებსაც დავეხმაროთ იმის გააზრებაში, როგორ მოითხოვონ საკუთარი უფლებების დაცვა.
მაგრამ ზოგჯერ ისეთი ტრაგედიები ხდება, ლამის გითხრათ: მეგობრებო, იქნებ სჯობს, ისევ უწყლოდ, უგაზოდ და უგზოდ ვიცხოვროთ?! რადგან ხან წყლის ჭავლი გვივარდება სახლებში და საცხოვრებელს გვინგრევს, ხან გაზის აფეთქება ადამიანების სიცოცხლეს იწირავს, ხან გზა ზიანდება, ხან ხიდი ინგრევა, ხან მოულოდნელად ამოძრავებული მეწყერი გვმარხავს, ხანაც ველური მოპოვებით გამოფიტულ მიწაზე გაჩენილ ნაპრალებს ძლივს ვასწრებთ.
მოკლედ, ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ვცხოვრობთ. ზოგჯერ გვიმართლებს და სიკვდილს გადავურჩებით, ზოგჯერ კი ვერა. ასე ვკარგავთ ყველაზე ძვირფასს, ადამიანების სიცოცხლესა და მომავალს… და ასეთ დროს ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა უფრო დიდი პრობლემაა, ის, რომ ადამიანებს ელემენტარული ინფრასტრუქტურა არ აქვთ, თუ ის, რომ აქვთ, მაგრამ მისი უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს?
ამ კითხვას კიდევ უფრო ამძაფრებს თბილისში, ერთმანეთის მიყოლებით მომხდარი ორი მძიმე შემთხვევა.
18 ნოემბერს, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე, მაგისტრალური წყალსადენი დაზიანდა. ძლიერმა წყლის ნაკადმა საცხოვრებელი ბინები და კომერციული ფართები დატბორა, დააზიანა ავტომობილები, გაანადგურა მოქალაქეთა ქონება. ადგილობრივები ჰყვებოდნენ, როგორ ცდილობდნენ ადამიანები თავის გადარჩენას.
წყალი, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი რესურსია, ამჯერად ადამიანებისთვის საფრთხედ იქცა. ამ ამბავში მთავარი კითხვაა, რამ გამოიწვია მაგისტრალური ქსელის დაზიანება, რამდენად გამართული იყო ინფრასტრუქტურა და შეიძლებოდა თუ არა ავარიის თავიდან აცილება? ამ კითხვებზე პასუხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დაზარალებულებისთვის, არამედ ქალაქის ყველა მცხოვრებისთვის, რადგან მსგავსი ავარიების საფრთხე მხოლოდ ერთი ქუჩის პრობლემა არ არის.
თითქოს ეს საკმარისი არ იყო, მომდევნო დღეს, 19 ნოემბერს, ფონიჭალაში უკვე ადამიანების სიცოცხლე აღმოჩნდა საფრთხის ქვეშ. ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მომხდარმა აფეთქებამ მთელი სადარბაზო ჩამოანგრია.
ადამიანები ნანგრევებში მოყვნენ. მაშველები საათების განმავლობაში ცდილობდნენ მათ გადარჩენას. ტრაგედიას მსხვერპლიც მოჰყვა. ქვეყანაში 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება, თუმცა, ზსუტად ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რადგან შემთხვევის ზუსტი ტექნიკური მიზეზების დადგენა გამოძიებისა და შესაბამისი ექსპერტიზის საკითხია.
მაგრამ ფონიჭალის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ წამოჭრა ბევრად ფართო პრობლემა: რამდენად უსაფრთხოა საქართველოში გაზის ინფრასტრუქტურა და ვინ არის პასუხისმგებელი მის გამართულ მუშაობაზე?
ენერგეტიკის სპეციალისტები წლებია საუბრობენ როგორც ძველი, ამორტიზებული, ისე ახალი გაზის ქსელების პრობლემებზე.
მათი შეფასებით, თბილისის ცენტრალურ უბნებში ზოგიერთ მიწისქვეშა გაზსადენს 60 წელზე მეტია იყენებენ, მაშინ როდესაც მსგავსი მილების საექსპლუატაციო ვადა, კონკრეტული სპეციალისტების შეფასებით, 20-25 წელია. საუბარია იმაზეც, რომ ძველი მილსადენების ნაწილს ათწლეულების განმავლობაში სათანადო ელექტროქიმიური დაცვა არ ჰქონია.
თუმცა პრობლემა მხოლოდ ინფრასტრუქტურის ხანდაზმულობა არ არის.
საქართველოში ქალაქები ინტენსიურად შენდება. ყოველდღიურად იზრდება საცხოვრებელი კორპუსების, ბინების, გაზის ქვაბების, წყალმომხმარებლებისა და სხვადასხვა კომერციული ობიექტის რაოდენობა. ამ დროს კი ძველი საინჟინრო ქსელები ხშირად სულ სხვა მასშტაბის დასახლებებისა და მოხმარებისთვის იყო გათვლილი.
ენერგეტიკის ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ დატვირთვისა და ჰიდრავლიკური გათვლების მნიშვნელობაზე. მათი განმარტებით, როდესაც მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება, მაგრამ მილსადენების გამტარუნარიანობა შესაბამისად არ იცვლება, ქსელის გამართული და უსაფრთხო მუშაობა დამატებით გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სპეციალისტების ნაწილი პრობლემად ასახელებს წნევის არასწორ მართვასაც, რაც გარკვეულ პირობებში შეიძლება ზრდიდეს ქსელის დაზიანებისა და გაზის გაჟონვის რისკს.
მნიშვნელოვანია, რომ ეს შეფასებები არ მივიჩნიოთ ფონიჭალის აფეთქების უკვე დადგენილ მიზეზად. ისინი სისტემურ საფრთხეებს აღწერს, რომელთა შემოწმება და შეფასება შესაბამისი უწყებების ვალდებულებაა.
ანალოგიური კითხვები ჩნდება წყალმომარაგების ქსელებთან დაკავშირებითაც.
საქართველოს ქალაქების მნიშვნელოვან ნაწილში დღემდე ფუნქციონირებს საბჭოთა პერიოდში მოწყობილი წყლისა და გაზის ინფრასტრუქტურა. მას შემდეგ ქალაქების განაშენიანება და დატვირთვა მნიშვნელოვნად შეიცვალა. შესაბამისად, აუცილებელია შეფასდეს, რამდენად შეესაბამება არსებული ქსელების შესაძლებლობები დღევანდელ მოთხოვნებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში იზრდება წყალსადენების დაზიანების, ქუჩების დატბორვის, გაზის ქსელში ავარიებისა და სხვა ტექნიკური პრობლემების რისკი.
ქალაქების განვითარებას ინფრასტრუქტურის განვითარება უნდა უსწრებდეს. ჩვენ კი ხშირად ჯერ ვაშენებთ და მხოლოდ შემდეგ ვიწყებთ ფიქრს, გაუძლებს თუ არა არსებული ქსელი ახალ დატვირთვას.
გამოსავალზეც არაერთხელ თქმულა და დაწერილა.
აუცილებელია გაზის გაჟონვის ადრეული გაფრთხილების მოწყობილობების დამონტაჟება, საჭიროების შემთხვევაში გაზის ავტომატური გადაკეტვის სისტემების გამოყენება, წყლისა და გაზის მოძველებული ქსელების ეტაპობრივი განახლება, დატვირთვის სწორი გათვლა, წნევის კონტროლი და რეგულარული ტექნიკური შემოწმება.
მაგრამ მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილებები საკმარისი არ არის, თუ მათ შესრულებას ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლი არ ახლავს.
ამ ფონზე განსაკუთრებულ კითხვებს აჩენს ენერგეტიკული კომპანიების ფინანსური შესაძლებლობები.
გავრცელებული ფინანსური მონაცემებით, ბოლო ხუთ საანგარიშო წელიწადში ენერგეტიკის სექტორის რამდენიმე მსხვილმა კერძო ოპერატორმა ჯამურად დაახლოებით 1 მილიარდ 173 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო.
მათ შორის, „სოკარ ჯორჯია გაზმა“, რომელიც რეგიონებში ბუნებრივი აირის განაწილებას ახორციელებს, დაახლოებით 282 მილიონი ლარი; ხოლო „თბილისი ენერჯიმ“, დედაქალაქის გაზმომარაგების ოპერატორმა, დაახლოებით 174 მილიონი ლარი.
ცხადია, კერძო კომპანიის მოგება თავისთავად პრობლემა არ არის. მომგებიანმა კომპანიამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ეკონომიკის განვითარებასა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში.
მაგრამ როდესაც საქმე სასიცოცხლოდ აუცილებელ მომსახურებას ეხება, მოგებასთან ერთად უნდა არსებობდეს მკაფიო ვალდებულებები, შესაბამისი ინვესტიციები და მკაცრი სახელმწიფო ზედამხედველობა.
სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ეფექტიანი მექანიზმები იმის შესამოწმებლად, რამდენად დროულად ახლდება ქსელები, რამდენად ხარისხიანად სრულდება სამუშაოები და რამდენად უსაფრთხოა მოსახლეობისთვის ის სისტემები, რომლებითაც ყოველდღიურად სარგებლობს.
კონტროლი არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ პროექტის დამტკიცებით ან დასრულებული სამუშაოების ფორმალური მიღებით. ქსელის ხარისხი უნდა მოწმდებოდეს მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესში, დასრულების შემდეგ და ექსპლუატაციის განმავლობაშიც.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ახალი საცხოვრებელი კორპუსების ექსპლუატაციაში მიღებისას სათანადოდ მოწმდებოდეს გაზის, წყლის, ელექტროენერგიისა და სხვა საინჟინრო სისტემების უსაფრთხოება.
თუმცა სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით კონტროლი არასაკმარისია და არსებულ სისტემაში მნიშვნელოვანი ხარვეზებია.
ამიტომ მხოლოდ კომპანიების მოგების დათვლა პასუხს ვერ გაგვცემს. უნდა ვიცოდეთ, რამდენს აბანდებენ ისინი ინფრასტრუქტურის განახლებაში, რა ვალდებულებები აქვთ კანონითა და ლიცენზიით განსაზღვრული, რამდენად სრულდება ეს ვალდებულებები და როგორ რეაგირებს სახელმწიფო გამოვლენილ დარღვევებზე.
და რაც მთავარია, ვინ აგებს პასუხს, როდესაც უსაფრთხოების მოთხოვნები დარღვეულია და ამას ადამიანების სიცოცხლე ეწირება?
ახლა კი შესავალში ნათქვამს დავუბრუნდები: გულწრფელად გითხრათ, მორალურად ხანდახან მეც ვიბნევი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფონიჭალის მსგავს ტრაგედიებს ვხედავ. როცა ადამიანები საკუთარ სახლებში, იქ, სადაც ყველაზე დაცულად უნდა გრძნობდნენ თავს, სიცოცხლეს კარგავენ ან სიცოცხლის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგებიან.
მაგრამ პროფესიულად ზუსტად ვიცი, რომ ინფრასტრუქტურაზე უარი გამოსავალი არ არის.
ჩვენ გვჭირდება და უნდა მოვითხოვოთ კიდეც ყველა ის სიკეთე, რაც თანამედროვე ცხოვრებას სჭირდება. ოღონდ უნდა მოვითხოვოთ არა უბრალოდ აშენებული და ჩაბარებული ობიექტები, არამედ ხარისხიანად დაგეგმილი, უსაფრთხოდ მოწყობილი, მუდმივად კონტროლირებადი და გამართული ინფრასტრუქტურა.
ამისთვის სახელმწიფო მართვისა და კონტროლის სისტემა უნდა მუშაობდეს სწორად. სწორედ ამ სისტემის ეფექტიანობაზე ჩნდება დღეს ყველაზე მძიმე კითხვები.
აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ პასუხისმგებლობაც. კონკრეტული პასუხისმგებლობა მათგან, ვინც აპროექტებს, აშენებს, ექსპლუატაციას უწევს, ამოწმებს და ვალდებულია, ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყოს.
რადგან განვითარება მხოლოდ ის არ არის, რამდენი მილიონი დაიხარჯა, რამდენი კილომეტრი გზა დაიგო ან რამდენი ოჯახი დაერთდა გაზისა და წყლის ქსელს.
განვითარება, უპირველეს ყოვლისა, ისაა, რამდენად უსაფრთხოდ შეუძლია ადამიანს ამ სიკეთეებით სარგებლობა.
და აქ კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი კითხვა ჩნდება: ნუთუ ასეთია ის მშვიდობა და „მდუღარე ეკონომიკა“, რომლითაც ხელისუფლება ასე ხშირად იწონებს თავს?
მუდმივად გვესმის განცხადებები ეკონომიკის არნახულ ზრდაზე, ქვეყნის განვითარებაზე, მშვიდობის შენარჩუნებაზე. გვახსენებენ, რომ საქართველოში ომი არ არის და ხშირად თავადვე გვისვამენ კითხვას: „აბა, ომი გინდათ?“
არა, ომი არავის გვინდა! მაგრამ ნუთუ მშვიდობა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ომი არ მიმდინარეობს?
ოჯახისთვის, რომელმაც საყვარელი ადამიანი დაკარგა, რა მნიშვნელობა აქვს, სიცოცხლეს ომი წაართმევს, გაზის აფეთქება, დაზიანებული წყალსადენიდან ამოხეთქილი ჭავლი, ჩამონგრეული შენობა, მეწყერი თუ უხარისხოდ აშენებული ხიდი? მიზეზებს, ცხადია, მნიშვნელობა აქვს პასუხისმგებლობის დასადგენად და მომავალი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ დაკარგულ სიცოცხლეს ვეღაფერი დააბრუნებს.
რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს, რომელიც საკუთარ სახლში დაიღუპა, რამდენი პროცენტით გაიზარდა ეკონომიკა, თუ ამ ზრდამ მის უსაფრთხოებამდე ვერ მიაღწია?
მშვიდობა მხოლოდ ომის არარსებობა არ არის. მშვიდობა ისიცაა, რომ საკუთარ სახლში დაძინების არ გეშინოდეს, ქუჩაში გასვლის არ გეშინოდეს და ინფრასტრუქტურა, რომელიც ცხოვრებას უნდა გიმარტივებდეს, სიცოცხლეს არ გართმევდეს.
ეკონომიკური ზრდაც მხოლოდ ანგარიშებში დაწერილი პროცენტები და მილიონები არ არის. მისი შედეგი უნდა იგრძნობოდეს უსაფრთხო საცხოვრებელში, გამართულ ინფრასტრუქტურაში, ხარისხიან მშენებლობასა და ადამიანების დაცულობაში.
და თუ ქვეყანა ეკონომიკურად იზრდება, მაგრამ მოქალაქეები კვლავ ამორტიზებული ქსელების, უხარისხო მშენებლობებისა და არასაკმარისი კონტროლის საფრთხის წინაშე დგანან, სრული უფლება გვაქვს ვიკითხოთ: ვისთვის იზრდება ეკონომიკა და რატომ ვერ გარდაიქმნება ეს ზრდა ადამიანების უსაფრთხოებად?
იქნებ ჩვენც, როგორც საზოგადოებას, კიდევ გვჭირდება გაზრდა. იქნებ დროა, ვისწავლოთ, რომ ადამიანის სიცოცხლის ფასად დაშვებული შეცდომები, დაუდევრობა, გულგრილობა და უპასუხისმგებლობა არ შეიძლება უბრალოდ მორიგ ტრაგედიად მივიღოთ, რამდენიმე დღე ვიგლოვოთ და შემდეგ დავივიწყოთ.
უნდა გავიზარდოთ იმ საზოგადოებად, რომელიც არცერთ ასეთ ტრაგედიას არ დატოვებს გამოძიების, პასუხის გაცემისა და მკაცრი პასუხისმგებლობის მოთხოვნის გარეშე.
არავის უნდა ვაპატიოთ დადასტურებული დანაშაული და უპასუხისმგებლობა. არცერთ კერძო კომპანიას, არცერთ საჯარო უწყებას, არცერთ მმართველ ძალას, არცერთ თანამდებობის პირს. არავის!
რადგან თუ ყოველი ასეთი ტრაგედიის შემდეგ მხოლოდ შედეგებს ვითვლით და პასუხისმგებლობას არ ვითხოვთ, შემდეგი ტრაგედიისთვისაც ვტოვებთ გზას.
განვითარებული ქვეყანა მხოლოდ ის არ არის, სადაც გზები, ხიდები, გაზი და წყალია. განვითარებული ქვეყანაა ის, სადაც მოქალაქის სიცოცხლე ყველაზე მაღალი ღირებულებაა, მშვიდობა ყოველდღიურ უსაფრთხოებასაც ნიშნავს, ხოლო ეკონომიკური ზრდა ადამიანების კეთილდღეობასა და დაცულობაში აისახება.
სწორედ ამით უნდა იზომებოდეს ქვეყნის განვითარებაც, მშვიდობაც და ეკონომიკური წარმატებაც.
