წალკის წყალსაცავზე კარანტინი გამოცხადდა, – ინფორმაციას ამის შესახებ Tok2Region-ს გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე უდასტურებენ.
თავდაპირველად კარანტინის გამოცხადებაზე წყალსატევის ლიცენზიანტი კომპანიისგან გახდა ცნობილი, რაც, მოგვიანებით, გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ოპერატორმა დაადასტურა მხოლოდ მას შემდეგ რაც მედიასაშუალების წარმომადგენელი ცხელი ხაზის ოპერატრს საკუთარი თავი წარუდგინა, როგორც მეთევზე და დაუსვა შესაბამისი კითხვები. ცხელ ხაზზე განმარტეს, რომ წყალსაცავზე კარანტინი თევზის დაავადების გამოა გამოცხადებული, თუმცა, რა ვადით ამას ვერ ამბობენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა და თევზაობა აკრძალულია „მანამ, სანამ არ გამოსწორდება ეკოსისტემა.”
რაც შეეხება შესაძლო მიზეზებს, რას შეიძლებოდა გამოეწვია ეს ყველაფერი, ცხელ ხაზზე ადგილობრივ მედიას უთხრეს, რომ წყალუხვობის გამო მახლობელი ნათესებიდან წყალსაცავში შესაძლოა ჩამოვიდა ისეთი ქიმიკატები, რომლებმაც პრობლემა გამოიწვია.
უნდა ითქვას, რომ კარანტინის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაცია ამ დრომდე არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ მიუწოდებია. მოქალაქეებისთვის ოფიციალურად არავის განუმარტავს, რომ კარანტინის პერიოდში წყალსაცავზე თევზაობა აკრძალულია. ოფიციალური განცხადება არც სააგენტოს და არც სამინისტროს ვებგვერდზეა.
შეგახსენებთ, რომ Tok2Region-ია წალკის წყალსაცავზე თევზის დახოცვის საკითხზე 11 ივნისიდან მუშობს. “აგრეოგარემო TV-მაც” არაერთხელ მოიკითხა პასუხისმგებელ უწყებებსა თუ დარგის ექსტერტებთან, რამ გამოიწვია თევზის მასობრივი დახოცვა? გვაინტერესებდა, როგორია როგორც თევზის, ისე წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგები? მივმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოს, თუმცა, არც ერთს უწყებას შეუწუხებია თავი პასუხისთვის.
წალკის წყალსაცავის ლიცენზიანტი ზვიად ჯიქია ჩვენს პარტნიორ ადგილობრივ მედიას ეუბნება მხოლოდ იმას, რომ წყალსაცავზე კარანტინის პერიოდში არავინ თევზაობს, შეზღუდვის ხანგრძლივობა კი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მდგომარეობა.
კარანტინის შესახებ ინფორმაციას ფლობენ წალკის მუნიციპალიტეტშიც, თუმცა, არც იქ იციან, როდის მოიხსნება შეზღუდვა.
ამ ეტაპზე წალკის წყალსაცავის ნაპირზე მკვდარი, ლპობადი თევზი აღარ ყრია. (ჩვენ ეს კადრები 2 კვირის წინ გაჩვენეთ, რა ხდებოდა იქ: ნაპირი სავზე იყო მკვადრი თევზით, რომელზეც წვდომა ჰქონდა შინაურ ცხოველებს, გარეულ ცხოველებსა და ფრინველსაც.)
ამ ეტაპზე ნაპირის მიმდებარედ, რამდენიმე მეტრის რადიუსში, თევზის ფხებსა და ნაწილებს კვლავ შეხვდებით. ადგილობრივების თქმით, ტერიტორია არავის გაუწმენდია. მათი ინფორმაციით, მკვდარი თევზი მიუსაფარმა ძაღლებმა და ფრინველებმა შეჭამეს. წალკელები ასევე ამბობენ, რომ წყალსაცავზე წყლის დონე მომატებულია და წვიმამ დახოცილი თევზის ნაწილი უკან ტბაში დააბრუნა.
როდემდე გაგრძელდება კარანტინი წალკის წყალსაცავზე და რა წერია ლაბორატორიულ დასკვნაში, რომლის შესახებაც სახელმწიფო უწყებები ამ დრომდე ინფორმაციას არ ავრცელებენ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხის მონიტორინგს და რამე სიახლის გაგებისთანავე საქმის კურსში ჩაგაყენებთ.
P.S. სტატიის მთავარი ფოტო AI-ის დაგენერირებულია. წყალსაცავზე ასეთი ამკრძალავი ნიშანი არ დგას, ყოველ შემთხვევაში, მოქალაქეებისთვის თვალსაჩინო ადგილას, წყალსაცავის იმ საკმაოდ მასშტაბურ პერიმეტრზე, სადაც ჩვენი გადამღები ჯგუფი მუშაობდა, კარანტინის, ან თევზაობის აკრძალვის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშანი არ დაგვხვედრია.