დიღმის ჭალების ტერიტორიაზე მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რასაც გარემოსდამცველებისა და ადგილობრივი აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. მათი ინფორმაციით, ადგილზე სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით მიწის მოსწორების სამუშაოები ხორციელდება, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ ტექნიკა საპროექტო არეალს გასცდა, დაზიანდა ხე-მცენარეები და შეიცვალა მიმდებარე ბუნებრივი ლანდშაფტი.
დიღმის ჭალების დაცვის კამპანიის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ანა ტრაპაიძის განცხადებით, ტერიტორიის ირგვლივ სასამართლო დავები უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. მისი თქმით, აქტივისტებმა პირველ ინსტანციაში მოიგეს დავა, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიას ტერიტორია უნდა გაესუფთავებინა. მოგვიანებით კი, როგორც ტრაპაიძე ამბობს, აღნიშნული მიწის ნაკვეთი რამდენიმე ნაწილად დაიყო, ხოლო ამ გადაწყვეტილებასთან ერთად სასამართლოში გასაჩივრებულია მიწების გადაცემა და ზონირების ცვლილებებიც. ამ დროისთვის სხვადასხვა სამართლებრივი აქტის წინააღმდეგ დავა კვლავ გრძელდება.
აქტივისტების შეფასებით, მთავარი საფრთხე მხოლოდ სპორტული ობიექტის მშენებლობა არ არის. მათი თქმით, სამუშაოების დროს დაზიანდა მიმდებარე ჭალის ტყის ნაწილი, ტერიტორიაზე არსებული ნარჩენები კი სხვა ბუნებრივ არეალზე გადაიტანეს. ისინი მიიჩნევენ, რომ სწორედ ამიტომ არ უნდა გაცემულიყო მშენებლობის ნებართვა, რადგან ეს პროცესები ეკოსისტემის ეტაპობრივ განადგურებას გამოიწვევდა.
როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაახლოებით 26 331 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 20 წლის ვადით აღნაგობის უფლებით გადაეცა შპს სპორტულ კლუბ „ათლეტიკს“. კომპანიის დირექტორი და სრულად მფლობელი გიორგი გოგისვანიძეა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მინიმუმ ორი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობა, ოთხი გასახდელი, რომლებიც ჯამში არანაკლებ 100 ადამიანს მოემსახურება, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, სამედიცინო და მსაჯების ოთახები, სამწვრთნელო და საკონფერენციო სივრცეები, ასევე 100 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი. ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 2.6 მილიონ ლარს შეადგენს.
დიღმის ჭალები სპეციალისტების ყურადღების ცენტრში წლებია იმყოფება. 2023-2024 წლებში თბილისის მერიისა და აზიის განვითარების ბანკის პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა დენდროლოგიურმა კვლევამ დაადგინა, რომ ტერიტორია თავისი ლანდშაფტური და ბიოლოგიური მახასიათებლებით სრულად შეესაბამება ჭალის ტყის კატეგორიას. კვლევის ფარგლებში გამოვლინდა როგორც უნიკალური მცენარეული საფარი, ისე წითელი ნუსხის სახეობები, რის გამოც ექსპერტებმა ტერიტორიის დაცვასა და აღდგენაზე გაამახვილეს ყურადღება.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ე.წ. „წავების კუნძულს“, რომელიც პანევროპული დაცული ტერიტორიების „ზურმუხტის ქსელის“ ნაწილია. ეს არეალი წავის, საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჰაბიტატს წარმოადგენს. გარემოსდამცველების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ კუნძული დაცულ ტერიტორიად ითვლება, მის გარშემო არსებული ჭალის ტყეც იმ ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ამ სახეობების არსებობას უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ სპეციალისტები რეკომენდაციას იძლევიან, დიღმის ჭალების უფრო ფართო არეალს მიენიჭოს დაცული სტატუსი და განხორციელდეს მისი გრძელვადიანი აღდგენა.
დიღმის ჭალები ეკოლოგიური თვალსაზრისით თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბუნებრივ სივრცედ მიიჩნევა. წარსულ კვლევებში აღნიშნულია, რომ ტერიტორია მდიდარია ფლორითა და ფაუნით, აქ გვხვდება ჭალის ტყისთვის დამახასიათებელი მცენარეული საფარი, მრავალი სახეობის ფრინველი, ქვეწარმავალი და ძუძუმწოვარი. სპეციალისტების შეფასებით, ასეთი ეკოსისტემები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ წყლის ხარისხის შენარჩუნებაში, ეროზიის შემცირებასა და ქალაქის ეკოლოგიური ბალანსის დაცვაში.
როგორ კარგავდა დედაქალაქი ჭალის ეკოსისტემას და რა ელის დიღმის ჭალას?