Skip to content Skip to footer

ახლა ზოდის ჯერია? – როგორ უახლოვდება კარიერი სოფელს

შუქრუთი, ითხვისი, მღვიმევი, ხალიფაური, რგანი, ზედა რგანი, ბუნიკაური – ეს იმ სოფლების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ჭიათურამ უკვე დაკარგა. აქ მანგანუმის მოპოვებასთან ერთად სახლები დაიბზარა და ჩამოინგრა, მიწა დაიძრა, გაჩნდა უზარმაზარი ნაპრალები, ოჯახების დიდმა ნაწილმა კი საკუთარი საცხოვრებელი დატოვა.

ახლა ზოდის ჯერია. ასე გადაწყდა, რომ მანგანუმს კიდევ ერთი სოფელი შეეწიროს. აქ მანგანუმის მოპოვება უკვე სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და სოფლის გზას უახლოვდება. მიწა ცენტრალური გზიდან რამდენიმე მეტრშია გათხრილი. ადგილობრივები შიშობენ, რომ სამუშაოების გაგრძელება არა მხოლოდ კონკრეტულ სავარგულებს, არამედ გზას და მთლიან საარსებო გარემოს შეუქმნის საფრთხეს.

ზოდი შემთხვევითი ადგილი არ არის. სოფელი მეწყრული საფრთხის ზონაში მდებარეობს და მანგანუმის მოპოვების შესაძლო შედეგებზე მოსახლეობა სახელმწიფოს ჯერ კიდევ წლების წინ აფრთხილებდა. მიუხედავად ამისა, ტექნიკა მუშაობას აგრძელებს. მოსახლეობამ კი დღემდე არ იცის, კონკრეტულად ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, ვინ არის პასუხისმგებელი მიმდინარე პროცესზე და ვინ უნდა დაიცვას სოფლის საერთო ინტერესი. საკითხით დაინტერესებულ მოქალაქეებს უწყებიდან უწყებაში უწევთ სიარული, თუმცა, მათი თქმით, პასუხს ვერც ერთი პასუხისმგებელი უწყებისგან ვერ იღებენ. ამასობაში მოპოვება გრძელდება.

ადგილობრივების შეფასებით, ჭიათურის სხვადასხვა სოფელში სქემა და ხელწერა თითქმის ერთნაირია – მანგანუმის ღია წესით მოპოვება თანდათან ართმევს ადამიანებს უსაფრთხო საცხოვრებელ და საარსებო გარემოს და საბოლოოდ ბევრ მათგანს მამაპაპისეული ეზო-კარმიდამოსა და სახლ-კარის დატოვება უწევს. იქ კი, სადაც მოსახლეობა უშუალოდ აღარ ცხოვრობს, ადგილობრივები მიწების დაბალ ფასად გასხვისებაზე საუბრობენ. მათი თქმით, სოფელს აღარ რჩება საძოვარი, საერთო სივრცე და ის ტერიტორია, რომელიც სოფლის ეკონომიკური და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გასხვისება უკვე სარეკრეაციო სივრცეებსაც შეეხო. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა სოფლის ტბას უკავშირდება. მოსახლეობის წარმომადგენლის ინფორმაციით, მისი შეფასებული ღირებულება დაახლოებით 7 ლარი იყო, გასხვისების ფასი კი ერთ კვადრატულ მეტრზე 3 ლარზე ოდნავ მეტი. ზოდელები ამ პროცესში უსამართლობისა და შესაძლო კორუფციის ნიშნებს ხედავენ და მოითხოვენ, რომ ყველა ქონება, რომელიც მათი შეფასებით, გაუმჭვირვალედ ან სოფლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გასხვისდა, ხელახლა გადაიხედოს და საჭიროების შემთხვევაში სოფელს დაუბრუნდეს.

მოსახლეობის მთავარი მოთხოვნაა, ზოდში მანგანუმის ზედაპირული, ღია წესით მოპოვება შეწყდეს. ამასთან, ადგილობრივები პასუხისმგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებასაც აკისრებენ და ამბობენ, რომ გამგეობამ სოფლის ინტერესების დაცვა ვერ შეძლო. ზოდელების თქმით, პრაქტიკულად არ დარჩენილა არც ერთი პასუხისმგებელი ინსტანცია, სადაც მათ საკუთარი ხმა არ მიუწვდენიათ. მიმართეს გარემოს დაცვის მიმართულებით პასუხისმგებელ უწყებებს, წიაღის სექტორში გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას. თუმცა, სოფელში ამბობენ, რომ რეალური შედეგი დღემდე არ ჩანს. ზოდი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით თავს უპატრონოდ გრძნობს. ნგრევა კი გრძელდება.

სანამ მოქალაქეები პასუხს ეძებენ, მანგანუმის მოპოვება წინ მიიწევს და სოფელს თანდათან ართმევს მიწას, საძოვარს, ბუნებრივ გარემოსა და უსაფრთხო ცხოვრების შესაძლებლობას.

შენიშვნა: მთავარ ფოტოზე AI-ის გენერირებული გამოსახულებაა.