რა ხდება მაშინ, როცა ძვირდება საწვავი? ნახეთ, როგორ აღწევს ბენზინგასამართი სადგურის ტაბლოზე შეცვლილი ციფრები თითოეული ოჯახის ბიუჯეტამდე, როგორ მოდის სიძვირის ჯაჭვი ბენზინგასამართიდან ჩვენს სუფრამდე? ჩვენი ჟურნალისტი ბელა გელაშვილი გიყვებათ საწვავის ფასის უხილავ თუ ხილულ ტვირთზე👇
საწვავზე აქციზის დროებით შემცირებისკენ მთავრობას თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციაც მოუწოდებს. ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოში ბენზინი ერთ წელიწადში 30%-ზე მეტად, დიზელი კი 55%-ზე მეტად გაძვირდა. ეს ზრდის როგორც წარმოებისა და ტრანსპორტირების ხარჯებს, ისე სურსათისა და სხვა პროდუქტების გაძვირების რისკს. ასოციაციის გათვლებით, აქციზის განახევრების შემთხვევაში ერთი ლიტრი ბენზინი დაახლოებით 19 თეთრით, დიზელი კი 17 თეთრით გაიაფდებოდა.
ორგანიზაცია არ ეთანხმება არგუმენტს, რომ ასეთი შეღავათი ბიუჯეტს აუნაზღაურებელ დანაკლისს მიაყენებს. მისი მონაცემებით, 2026 წლის პირველ რვა თვეში სახელმწიფომ ნავთობპროდუქტების აქციზიდან 509 მილიონი ლარი მიიღო. ასოციაციის შეფასებით, გადასახადის შემცირებით დაკარგული შემოსავლების ნაწილობრივ კომპენსირება შესაძლებელია სხვა საბიუჯეტო შემოსავლებით, მათ შორის გეგმაზე მეტი ჯარიმებითა და საურავებით მიღებული თანხებით.
ასოციაცია საერთაშორისო გამოცდილებაზეც მიუთითებს და აცხადებს, რომ საწვავზე დროებითი საგადასახადო შეღავათები სხვა ქვეყნებშიც გამოიყენება. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს დიზელზე შეღავათს, რადგან ის ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, ტვირთის გადაზიდვასა და წარმოებაში.
ორგანიზაციის მთავარი მოთხოვნაა, სახელმწიფომ გლობალური გაძვირების შედეგების შესამსუბუქებლად საკუთარი საგადასახადო ბერკეტებიც გამოიყენოს, რათა გაზრდილი ხარჯების მთელი ტვირთი მოსახლეობასა და ბიზნესს არ დააწვეს.
